მანავის ციხე ტურისტებს შორის ნაკლებად ცნობილი ადგილია. სილამაზისა და განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო აქ Х–ХІ საუკუნეებში დაიწყო საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა, ხოლო ХVII- XVIII საუკუნეებში ბაგრატიონთა სამეფო ოჯახმა ააშენა ციხე და თავიანთი საზაფხულო რეზიდენცია. ციხიდან ყველა მიმართულებით 10-15 კილომეტრის რადიუსში იშლება ხედი, რამაც შესაძლებელი გახადა დროულად გაეგოთ მტრის გამოჩენა. მანავის ციხესიმაგრეში საქართველოს ყველაზე ცნობილი, უკანასკნელი მეფის – ირაკლი II- ის – მშობლების თეიმურაზისა და თამარ დედოფლის ქორწილი შედგა, ხოლო ზაფხულობით, სამეფო ოჯახი ზოგჯერ ამ ციხეში ისვენებდა.
ვიზუალურად, ციხე შედგება 2 ნაწილისგან. პირველი ნაწილია ციტადელი, რომელიც ამაღლებულ ადგილზე მდებარეობს. მეორე ნაწილი – ქვედა ციხეა. ციტადელში – საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ოთახები თავდაცვითი კედლით იყო შემოსაზღვრული. ქვედა ციხეს მთავარი თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა, რომ მტერი ციტადელთან ახლოს არ მიეშვა.
ციტადელის კედელი შედგება 4 მრგვალი კოშკისგან, საიდანაც კარგად ჩანს ახლომდებარე მიდამოები. კოშკები მთავარ სათვალთვალო პუნქტებს წარმოადგენდა, აქედან, საშიშროების შემთხვევაში, საგანგაში სიგნალები იგზავნებოდა ქვედა ციხესა და თავად სოფელში.
როგორც ნებისმიერი ციხეს, მანავის ციხესაც ჰქონდა რამდენიმე შესასვლელი. ციხესიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილში მთავარი შესასვლელი შემორჩენილია. სწორედ მისი საშუალებით მეფეები თავისი ამალით ციხეში შედიოდნენ. ახლა კი, ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ მეფეთა გზა ციტადელისკენ. ციხემდე მთავარი გზა ცოტა ხნის წინ აღდგა. სამწუხაროდ, ციხე-სიმაგრე სრულყოფილად არა არის შემორჩენილი, თუმცა არსებული ნაგებობები წარმოდგენას ქმნის იმაზე, თუ როგორ და რისთვის აშენებდნენ მათ, აქ შესაძლებელია შეიგრძნოთ ძველი დრო, რამოდენიმე წამით მაინც იმოგზაუროთ იმ პერიოდში და წარსული მოვლენების მონაწილე გახდეთ.
ამჟამად, კომპლექსი მოიცავს შემდეგ ნაგებობებს:
– შიდა ციხე (ყველაზე ძველია არსებულ შენობებს შორის);
– ციტადელი (ზედა თავდაცვითი ნაგებობა);
– ყოფილი სახლი-კოშკის ნანგრევები და პატარა კოშკი;
– 3 ეკლესია (ღვთისმშობლის დიდი ეკლესია, პატარა ეკლესია და წმინდა გიორგის ეკლესია);
– ქვედა ციხე (თავდაცვის პირველი ხაზზე, მტრის შემაკავებელი);
– წყალსაცავი.
ციხის ისტორია იდუმალია. აშკარად ჩანს ციხის სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ მასზე ძალზე მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი. მშენებლობის სხვადასხვა სტილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეფეს მიაჩნდა კომპლექსში არსებული ნაგებობები არ იყო საკმარისი და ამიტომ იგი სასახლის მშენებლობას იწყებს. კომპლექსის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 1712 წელს მეფე თეიმურაზ II- მ (კახეთის მეფის ერეკლეს უმცროსმა ვაჟმა) აქ ქორწილი გადაიხადა და მომდევნო წლებში მანავის ციხესიმაგრეში ცხოვრობდა. დადასტურებულია, რომ ჯერ კიდევ 1724 წელს ციხე-სიმაგრეში ცხოვრება დუღდა. ასევე ცნობილია, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდა და აქიდან კახეთს განაგებდა მეფე დავით II (მეფის უფროსი ვაჟი). ციხე-სიმაგრის შესახებ ინფორმაციას 1772 წელს გვაწვდის ისტორიკოსი და მოგზაური იოჰან გულდენშტედტი. ის წერს, რომ სოფელი მანავი თითქმის მთლიანად განადგურებულია, ხოლო დარჩენილი მოსახლეობა ჩრდილოეთისკენ, ციცაბო გორაკის მიღმა გადავიდა საცხოვრებლად. აქ მთავრდება ისტორიული მონაცემები ციხესიმაგრეზე და მის ისტორიაზე მხოლოდ ვარაუდები არსებობს. უპატრონოდ მიტოვებულმა ციხე-სიმაგრემ დაშლა დაიწყო და კომპლექსის მხოლოდ ნახევარი შემორჩა დღემდე.
საქართველოში არსებული უამრავი ციხესიმაგრისა და რელიგიური კომპლექსებისგან განსხვავებით, მანავის ციხეზე არანაირი რეკონსტრუქცია არ ჩატარებულა, რაც ძალიან კარგია. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მოვინახულოთ მხოლოდ და მხოლოდ სიძველე: ნაგებობები, საფლავის ქვები და უბრალოდ ნანგრევები, რომლებიც 5-დან 10 ასეული წლისაა. ეს შთამბეჭდავია!
ტურისტებისთვის, ვისაც უყვარს ნახევრად ჩამონგრეული ციხე-სიმაგრეების კვლევა, ისეთი ციხეების, რომელიც არ არის სახეცვლილი რეკონსტრუქციით, მათთვის ეს ადგილი შეიძლება ნამდვილი აღმოჩენა იყოს. სხვათა შორის, მათთვის, ვინც ფოტოგრაფიის მოყვარულია, ეს ადგილი ნამდვილად ბედის საჩუქარია: აქ ბუნებისა და არქიტექტურის, თანამედროვეობა და წარსულის ნამდვილის გზაჯვარედინია. ციხესიმაგრეში სტუმრობით, ულამაზესი ფოტოების გადაღებით, თქვენ გაახანგრძლივებთ ციხის ისტორიასა და თქვენს მოგონებებს მომავალ თაობებს შემოუნახავთ!