სიღნაღი – პატარა ქალაქია კახეთში, რომელიც წარმოადგებს ცენტრს როგორც ბოდბის ეპარქიისა, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის. ქალაქი დაყოფილია ხუთ ქედად: გორგასლის ქედი, ქეთევანის ქედი, თამარის ქედი, ცენტრალური და ბარათაშვილის ქედი.
ქალაქის ცენტრში 9 აპრილის პარკია, რომლის ერთ მხარეს სოლომონ დოდაშვილის მოედანია, ხოლო მეორე მხარეს – დავით აღმაშენებლის მოედანი. პარკში სოლომონ დოდაშვილის ქანდაკება დგას, იქვე კლდეზე კი – მეორე მსოფლიო ომის დროს სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან დაღუპულთა სიაა.
ნიკო ფიროსმანის მშობლიური სოფელი მირზაანია, სადაც მისი სახლ-მუზეუმი და ძეგლი დგას.
ქალაქის საფორტიფიკაციო კედლები (XVIII ს.) 4,5 კმ სიგრძის პერიმეტრს მოიცავს, კარგად შემორჩენილი რამოდენიმე კარიბჭით და კოშკით, სადაც შესაძლებელია ახვიდეთ და დატკბეთ საოცარი პანორამით; სიღნაღი ხომ არწივის ბუდესავით მთის წვერზეა აგებული.
სოფელი ბოდბის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი ქართველი ხალხის ერთ-ერთ მთავარ სალოცავად ითვლება. სწორედ ამ სამონასტრო კომპლექსში განისვენებს წმინდა ნინო კაბადოკიელი. გადმოცემის თანახმად, ნინო კახეთის სოფელ ბოდბეში 335 წელს გარდაიცვალა. ამ წმინდანის სახელს უკავშირდება ქართველთა გაქრისტიანება. წმინდა ნინოს გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა მის საფლავზე ქრისტიანული ეკლესიის აგება, რომელიც წმინდა გიორგის სახელზე აკურთხეს.