ექსკურსია: საქართველოს დედაქალაქები – თბილისი და მცხეთა

საქართველოს დედაქალაქი თბილისი უნიკალურია. ის გაშენებულია რამოდენიმე მთის კალთაზე. ქალაქის ძველი უბანი იარუსადაა განფენილი. ულამაზესი მდინარე მტკვარი, რომელიც მთელ თბილისს კვეთავს, თავისი თვალწარმტაცი კლდოვანი ნაპირებით იპყრობს ყურადღებას.
“ძველი ქალაქი” – თბილისის ისტორიული ცენტრი, მდებარეობს მთაწმინდის (წმინდა მთის) ძირში. ძველი ქალაქის თითქმის ყველა შენობა ისტორიული თუ კულტურული ძეგლია, აქ ცხოვრება ჩქეფს ოცდაოთხ საათიან რეჟიმში, ტურისტები მარტო ან ჯგუფურად დადიან, შეყვარებულები საათიან კოშკთან ხვდებიან ერთმანეთს – ეს მხიარული კოშკი ახლახან აიგო თოჯინების თეატრის დირექტორის – რეზო გაბრიაძის მიერ, მხატვრებს თავიანთი ნახატები აქვთ გამოფენილი, ხელოსნები უამრავ სუვენირს სთავაზობენ ნებისმიერ მსურველს. ძირითადად, ძველ ქალაქში 2-3 სართულიანი ქვისგან ან აგურისგან აგებული სახლებია, რაც დამახასიათებელია თბილისური არქიტექტურისთვის. ძველი ქალაქი გამოირჩევა ვიწრო ქუჩებით, ხეივნებით და ორნამენტებიანი ხის აივნებით.

თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქალაქებს შორისაა, სადაც ძველ უბანში გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაარსებობენ მართლმადიდებლური ეკლესია, კათოლიკური ტაძარი, სინაგოგა და მეჩეთი. ტურის ფარგლებში მოინახულებთ მეტეხის ეკლესიას (V ს.), სიონის საკათედრო ტაძარს (VI-VII სს.), ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის ბაზილიკას, რომელიც უძველესია ქალაქში, სამების საკათედრო ტაძარს, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი საკათედრო ტაძარია. ნარიყალას ციხემდე (ІV ს.) შეგიძლიათ საბაგირო გზით ასვლა.

ჯვრის მონასტერი (VI ს.) მდებარეობს მთის წვერზე, საიდანაც ფანტასტიკური ხედი იშლება ორი მდინარის – მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილზე. ამ მონასტრიდან როგორც ხელის გულზე, ისეა გადაშლილი საქართველოს უძველესი დედაქალაქი – მცხეთა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი (1010-1029 წწ.) – მის საძირკველში ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული რელიქვია – ქრისტეს კვართია დაფლული, რომელიც ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდეა. კვართი მცხეთაში ელიოზის მიერ იქნა შემოტანილი. ელიოზი ქრისტეს ჯვარცმის ერთ-ერთი მოწმეა. სვეტიცხოველში ასევე მრავალი ქართველი მეფის საფლავია. „ცხოველმყოფელი სვეტის“ ნაწილიც ამავე ტაძარშია.
სამთავროს მონასტერში დღესაც ხარობს ის მაყვლის ბუჩქი, რომლის სიახლოვეს IV საუკუნეში ცხოვრობდა და ქადაგებდა წმინდა ნინო – განმანათლებელი, ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი საქართველოში. ქრისტიანობის ოფიციალური მიღება საქართველოში 324 წლით თარიღდება და წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. სწორედ წმინდა ნინომ დაარწმუნა მეფე – მირიანი დედოფალი – ნანა გამოეცხადებიათ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. სამთავროს ტაძარში არის ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, წმინდა ნინოს სასწაულთმოქმედი ხატი, წმიდა მეფის – მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავები, წმ. აბიბოს ნეკრესელისა და წმ. შიო მღვიმელის წმინდა ნაწილები.

Menu
/**"@type": "LocalBusiness",**/
Live