«შატო ფორტ დე მანავის»
«შატო ფორტ დე მანავის» ვენახები მანავის მიკროზონა მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებთან ახლოს. ამ მიკროზონის ღვინოები, განსაკუთრებით მანავის ღვინო ისტორიულად ცნობილი და აღიარებულია. XIX ს-ის ცნობილი მეღვინის და მკვლევარის ს. კვარიანის მიხედვით, ქართველ მეფეებსაც ჰქონიათ მარანი და ზვარი ამ მიდამოებში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს გარე კახეთში. ის ესაზღვრება ჩრდილოეთით ცივ-გომბორის მთაგრეხილს სამხრეთ კალთებს და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს. ამ მხარეში ძირითადად ვენახებს აშენებენ ცივ-გომბორის მთაგრეხილის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე 600-დან 850 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. თითქმის ყოველი ვენახი ირწყვება. აქ სასურველი კლიმატია მევენახეობისთვის. უფრო მაღალ ზოლში დილუვიალური ნიადაგის ქანებში ჭარბობს კალციუმის კარბონატი, ასევე გვხვდება ნეშომპალა ნიადაგი. შუა ზოლში წაბლა ნიადაგია, დაბალ ზოლში კი – ალუვიურ-კარბონატული ნიადაგია.
მწვანე ჩვენი სოფლიდან, ხოლო საფერავი ხაშმიდან, განსაკუთრებით ცნობილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. ჩვენ გაგაცნობთ ამ ყურძნის სახეობებს ჩვენს ღვინის დეგუსტაციაზე.
ჩვენს ვენახში ამ რეგიონისთვის ყველაზე უფრო დამახასიათებელი სახეობებია წარმოდგენილი:
მანავის მწვანე – ადგილობრივი ქართული თეთრყურძნიანი ჯიშია, რომელიც სპეციალურ მანავის მიკროზონაში იზრდება. ხასიათდება ღია ჩალისფერი, მომწვანო შეფერილობის, დამახასიათებელი შესანიშნავი არომატით, მსუბუქი და ჰარმონიული გემოთი.
რქაწითელი მანავის თეთრი – (სინ.: რქაწითელი, დედალი რქაწითელი, მამალი რქაწითელი, კოროლიოკი, გრუზინსკი, ხანლუგი, ასლუნგი და სხვა) ქართული აბორიგენული თეთრი ყურძნის ჯიშია. მიეკუთნება კახეთის ყურძნის ჯიშებს. საქართველოში პირველ ადგილზეა გაშენებული ვენახების ფართობით, განსაკუთრებით, ფართოდა გავრცელებული კახეთსა და ქართლში. საქართველოს საზღვრებს გარეთ გვხვდება უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიის ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპაში. მისგან მიიღება მაღალხარისხიანი ევროპული, კახური ტრადიციული ღვინოები, პორტვეინები და ბრენდები. მომწიფება საშუალო და გვიან პერიოდისაა. სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან (კახეთში) ოქტომბრის პირველ ნახევარში (ქართლში). შაქრის შემცველობა ყურძნის წვენში 20,0 – 24,0 %, მჟავიანობა – 7,0 – 8,0 გრ/ლ. რქაწითელიდან მიიღება ღვინოები, რომელთა სახელწოდება მომდინარეობს გავრცელების არეალიდან: „წინანდალი“, „გურჯაანი“, „კარდენახი“, „კახეთი“, „კოტეხი“, „ნაფარეული“, „ტიბაანი“ და „ვაზისუბანი“.
მანავის წითელი საფერავი – ადგილობრივი ქართული წითელყურძნიანი ჯიშია. პირველად ეს ყურძენი მოხსენიებულია ვახტანგ VI-ის დასტურლამაში, ატენის ზვრების შესახებ დებულებაში. დღესდღეობით, საფერავი ყველაზე გავრცელებული წითელი ვაზის ჯიშია მთელს საქართველოში. თუმცა განსაკუთრებით ხარობს კახეთში. საქართველოს ფარგლებს გარეთ, საფერავი გვხვდება სომხეთში, აზებაიჯანში, ყირიმში, უზბეკეთში და ა. შ. საფერავი მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია. იძლება ძვირფასს საღვინე მასალას თითქმის ყველა სახეობის ღვინის წარმოებისთვის, თუმცა განსაკუთრებულ თვისებებს ავლენს განსაზღვრულ კლიმატურ და ნიადაგობრივ ზონებში. საფერავის სუფრის ღვინოები ხასიათდება მუქი შეფერილობით, ალკოჰოლისა და სიმჟავის ზომიერი შემცველობით, სისრულით, გამორჩეული ხასიათით, მდიდარი ბუკეტით, დავარგების დიდი პოტენციალით და მაღალხარისხიანობით. კახეთში ყურძენი მწიფდება სექტემბრის მეორე ნახევარში და რთველი გრძელდება ოქტომრის შუა რიცხვებამდე. შაქრის შემცველობა ყურძის წვენში 20,0 – 26,0 % შეადგენს, მჟავიანობა – 7,5-8,5 გრ/ლ. საფერავიდან აწარმოებენ ღვინოებს, რომელსაც ვენახების ადგილდებარეობის მიხედვით შეურჩიეს სახელწოდება, ესენია: „ახაშენი“, „კოტეხი“, „ყვარელი“, „მუკუზანი“, „ქინძმარაული“.
ასევე გვაქვს რამოდენიმე განსაკუთრებული ყურძნის ჯიში:
ალადასტური იისფერი – ადგილობრივი ქართული წითელყურძნიანი ჯიშია. გავრცელებულია გურიისა და იმერეთის რეგიონებში. სამეურნეო დანიშნულებით მიეკუთვნება საღვინე ჯიშს. ალადასტურისგან დაყენებული ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდებით, კარგი სხეულითა და ჯიშური არომატით. ყურძნის გადამწიფებისას ალადასტურის პროდუქცია გამოიყენება მაღალხარისხიანი, ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა — დასავლეთ საქართველოს რაიონებში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,5-9,4 გ/ლ-ს.
უსახელაური წითელი – ადგილობრივი ქართული წითელყურძნიანი ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად ლეჩხუმში და გამოიყენება სუფრის ნატურალური ნახევრადტკბილი ღვინის წარმოებისათვის. გამოირჩევა მკვეთრი შეფერილობით, მაღალი ალკოჰოლის შემცველობით, სასიამოვნო დამახასიათებელი არომატით, კარგი სხეულითა და გემოს ჰარმონიულობით. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოების მოსამზადებლად ყურძენი იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც შაქრიანობა შეადგენს 23,0-26,0 %-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,0 – 8,0 გ/ლ-ს. ეს ჯიში გამოირჩევა გვიანი მოსავლიანობით. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ეს ყურძენი მწიფდება ოქტომბრის ბოლოს. მის წვენში შაქრის შემცველობა 20,0 – 26,0 %, ხოლო მჟავიანობა – 6,5 – 9,0 გ/ლ.
მუსკატი ვარდისფერი – ძველი, ერთერთი ძალიან საინტერესო ჯიშია. საქართველოში გამოიყენება სუფრის, დესერტის და შუშხუნა ღვინოების წარმოებისთვის. საშუალო დამწიფების პერიოდი აქვს. მუსკატის ჯიშის სახესხვაობები ძირითადად გვხვდება კახეთისა და ქართლის (მუხრანი, გორი და ახლომდებარე სოფლები) რეგიონებში. მის წვენში შაქრის შემცველობა 23,0-30,0%, ხოლო მჟავიანობა – 6,0 – 9,5 გ/ლ.